წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე კომპანიებმა საჯაროდ წარადგინეს
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე კომპანიებმა საჯაროდ წარადგინეს

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს. მათ წარადგინეს კურორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და საპროექტო ჯგუფების უცხოელი ხელმძღვანელების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა – შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“.

სამინისტროს ცნობით, წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.

ამასთან, წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული გენგეგმა დაადგენს, რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები – ძველი სანატორიუმები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში დასახელდება. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა ვერ წარმოაჩინა.

ამასთან, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, წყალტუბოს განვითარებაში დიდი როლი ექნებათ თანაინვესტირების ფონდს, „ქართუსა“ და ბიძინა ინანიშვილის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს დამატებითი თანხის ჩადებას იმ შემთხვევაში, თუ კონკურსების შედეგად ინვესტორების დაინტერესება არ აღმოჩნდება საკმარისი წყალტუბოს ნახტომისეური გავნითარებისთვის.