თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
მოკლული ანა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაღიზიანება ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის კითხვებმა გამოიწვია. ბრალდების მხარე მოკლული გოგონას სხეულზე არსებულ ჭრილობებზე საუბრობდა, ადვოკატმა კი პროკურორს მიმართა კითხვით, რამდენი ჭრილობა აღენიშნებოდა მოკლულ ნაცვლიშვილს.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ნაცვლიშვილის ახლობლებს დარბაზი დაატოვებინა. მანდატურის სამსახურმა დარბაზიდან გაიყვანა ასევე ბრალდებული გრიგალაშვილი. მცირედი შესვენების შემდეგ, სხდომა კვლავ განახლდა.
ამასთან, მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ის აცხადებს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა ამჟამად სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს, რაზეც მოკლულის მამას, მინისტრთან გასაუბრება სურს.
შემდეგი პროცესი აღნიშნულ საქმეზე 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.
თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.