სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, გამოძიების მასალებში ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა, პროტესტის ამ ფორმისათვის მიემართა.
„ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხის გაცნობის შემდეგ, ოჯახმა და ხეობამ გადავწყვიტეთ, პროტესტი აქციების სახით გამოვხატოთ. ჩვენ ვაპირებთ, ჩავიდეთ თბილისში და იქ გავმართოთ აქცია. იქნებ, ამან მაინც მოახდინოს გავლენა და მოგვცეს შედეგი, დაისაჯონ ისინი, ვინც უდანაშაულო შვილი მომიკლა“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
რაც შეეხება აქციების დაწყების თარიღს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ვიდრე არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისათვის გადმოცემა, მათი მხრიდან აქციების გამართვა არასწორი იქნება.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.