თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აქციების დაწყების თარიღს 18 აპრილს გამოაცხადებს
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციების დაწყების თარიღს, 16 აპრილის ნაცვლად, 18 აპრილს გამოაცხადებს.
როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პირველ არხს განუცხადა, დატვირთული გრაფიკის გამო, ხვალ მალხაზ მაჩალიკაშვილთან კონსულტაციებს ვერ მოახერხებს და ოჯახთან შეთანხმებით, მათი შეხვედრა თბილისში ოთხშაბათს შედგება.
რამდენიმე დღის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში პერმანენტული აქციების გამართვის ზუსტ დროს ორშაბათს, 16 აპრილს ადვოკატებთან და რამდენიმე პირთან შეხვედრისა და კონსულტაციების შემდეგ დაასახელებდა.
მაჩალიკაშვილების ოჯახს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის გამოძების მასალების ხელმისაწვდომობა, თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობა და სპეცოპერაციის ყველა მონაწილის დასჯა.