ქვემო ქართლში მოქმედმა ტელეკომპანია „ტვ 4″-მა საქართველოს პირველ არხს მიაწოდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„26 მარტის შემდეგ სატელევიზიო გადაცემების ნაცვლად ტვ 4-ის ეთერში შავი ფონია. პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენება იყო ერთადერთი გამოსავალი, წლების მანძილზე არხის საკადრო და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა დაგვესრულებინა. საზოგადოება ჩვენგან კონკრეტული პირების ვინაობის გაჟღერებას ითხოვს. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ფაქტების გამოქვეყნების გარეშე, ვარაუდის დონეზე ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციისა და პიროვნებების საჯაროდ დასახელებას.
დღეს შექმნილი ვითარებიდან და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, არხზე ზეწოლა გრძელდება. ამიტომ უნდა განვაცხადოთ, რომ საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკა“ ეთერში, საინფორმაციო სამსახურის გუნდის დაკომპლექტებამდე ეთერში არ გავა, თუმცა ტვ 4-ის სამაუწყებლო ეთერი ჩაირთვება და ყველა სატელევიზიო გადაცემა აღდგება. წლების მანძილზე ქვემო ქართლში გუბერნატორებისა და მერების ცვლილებასთან ერთად, ტელევიზიის დირექტორიც იცვლებოდა. ყოველთვის რისკთან იყო დაკავშირებული ტვ 4-ის საინფორმაციო გამოშვებაში კრიტიკული სიუჟეტების გაშვება. მსგავსი მასალების ეთერში გასვლას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით პასუხობდნენ. დავით ჯიქიას მერობის დროს მომზადებულ რეპორტაჟს, რომელიც ორ საჯარო უწყებაში ერთდროულად დასაქმებულ ადამიანებს ეხებოდა, ტელევიზიის დერეფანში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საქმის გასარჩევად გამოგზავნილი პირის, ყოფილი სპეცრაზმელის ქმედების შემდეგ, ტელევიზიის დირექტორი მხედველობის დაკარგვას შემთხვევით გადაურჩა. მას ოპერაცია თვალზე ორჯერ ჩაუტარდა. სამართალდამცავებმა საქმე დეტალურად არ გამოიძიეს. მათ სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერებიც არ უნახავთ. მოსამართლემ კი სასჯელად პირობითი მსჯავრი განსაზღვრა.
მფლობელი რეგიონის პირველი პირების გადაწყვეტილებას ითვალისწინებდა. ქალაქის მერის დავით ჯიქიას მერობის დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების მართვა შეუძლებელი გახდა. მფლობელმა გადაწყვეტილება მიიღო და დირექტორად შვილი გიორგი მგალობლიშვილი დანიშნა.
სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა, თუმცა გარეშე ძალებმა ჟურნალისტებთან და საინფორმაციო სამსახურის უფროსთან მოლაპარაკება შეძლეს. შედეგი ძალიან მალე ნათელი გახდა. დირექტორის მითითებების მიუხედავად, რეალურ ფაქტებზე აწყობილი სიუჟეტები არ მზადდებოდა. არხის მთავარ საიფორმაციო გამოშვებაში მხოლოდ ცალმხრივად გაშუქებული თემები ხვდებოდა. არაპროფესიონალურმა მიდგომამ, მაყურებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. არაერთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. დადასტურდა ის ფაქტიც, რომ პარალელურ რეჟიმში სამსახურის უფროსი სხვა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობდა, რომელშიც დღეს უკვე ოფიციალურად მუშაობს. საკუთარი სურვილით, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, საინფორმაციოს გუნდი კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საავტორო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკით არავინ დაინტერესებულა. ყველა გადაცემის ავტორი სატელევიზიო პროდუქტს, საკუთარი შეხედულების შესაბამისად ამზადებს.
ტვ 4-ის პროტესტის შემდეგ საზოგადოებაში განხილვის საგანი ელექტრონული ტენდერი გახდა. ჩვენთვის გაუგებარია საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელმაც ტელევიზიის დროებით გაჩერების მიზეზად ტენდერი დაასახელა. პროტესტის გამოხატვის დროს და დღესაც, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ტენდერში გამარჯვებული ჩვენი კომპანიაა. ჩვენდა გასაოცრად ვითარება პროტესტის შემდეგ მოულოდნელად შეიცვალა. სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ზეწოლის ფაქტი იკვეთება. გამოქვეყნებული დასკვნა ავტომატურად აფერხებს საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერის პროცესს. ჩვენ სარჩელის მომზადების პროცესში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მხარდაჭერას და დახმარებას ვთხოვთ. საქმის განხილვის დაწყებისთანავე არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს, რის შემდეგაც ტვ 4-ზე ზეწოლის ავტორების ვინაობა ცნობილი გახდება. ის რომ, ქვემო ქართლში ტვ 4 სასურველი ორგანიზაცია არ არის, რადგან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად არ მოიაზრება, მარნეულის ტენდერის მაგალითზეც დადასტურდა. მარნეულში მერის მოადგილედ ლაშა ლობჯანიძეა დანიშნული. რუსთავის ყოფილი მერის დავით ჯიქიას მოადგილის დამოკიდებულება ტვ 4-ის მიმართ, ჩუმად ჩატარებული აუქციონები და მიზანმიმართული ტენდერები, რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი ამბავი არ არის.
26 მარტს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ირაკლი ტაბაღუას მადლობა გადავუხადეთ, რადგან მან, ისევე როგორც რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელი პირების უმეტესობამ, ტელევიზიისთვის მხარდაჭერის გამოხატვა მნიშვნელოვნად არ მიიჩნია.
როგორც სატელევიზიო ეთერით, ასევე სოციალური ქსელით უამრავი გამოხმაურება და მხარდაჭერის წერილი მივიღეთ. თუმცა სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი პროტესტი ეჭვქვეშ დააყენეს და მეტი გამჭვირვალობა მოითხოვეს. მათ შორის ყოფილი გუბერნატორი სოსო მაზმიშვილი, რომელიც თავის დროზე არხის საკადრო და სარედაქციო პოლიტიკის მართვაში აქტიურად იყო ჩართული და მედია ექსპერტი, რომელსაც ტვ 4 აქტიურად უჭერდა მხარს. მედია ექსპერტს, რომელიც წლების მანძილზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ასოციაციაში გამჭირვალობა რომ შეენარჩუნებინა, დღეს არც ერთი რეგიონული არხი დახურვის საფრთხის წინაშე არ დადგებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის თითოეულ თქვენგანს. ჩვენს მაყურებელს, კოლეგებს; შექმნილმა ვითარებამ კომპანიას საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა, თუმცა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტვ 4-მა მაუწყებლობა განაახლოს. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ზეწოლის ფაქტები აღარ განმეორდება და ტელევიზიის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეექმნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ 26 მარტს გაავრცელა.