ქვემო ქართლში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ქვემო ქართლში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა.

შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

დატოვე კომენტარი