ტელეკომპანია Russia Today აშშ-ში შესაძლოა, უცხოელ აგენტად დარეგისტრირდეს
ტელეკომპანია Russia Today აშშ-ში შესაძლოა, უცხოელ აგენტად დარეგისტრირდეს

რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია Russia Today აშშ-ში უცხოელ აგენტად დარეგისტრირდება. ამის შესახებ განცხადება ტელეარხის რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გააკეთა.

როგორც ის ამბობს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანიას საბუთების მოსამზადებლად ვადა 13 ნოემბრამდე მისცა. უწყებაში ამ ცნობას არ ადასტურებენ.

სიმონიანმა აშშ-ის მთავრობის მოთხოვნას დისკრიმინაციული უწოდა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია სასამართლოში იჩივლებს.

მისივე განცხადებით, უცხოელ აგენტად რეგისტრაციის მოთხოვნა “დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის” პრინციპს ეწინააღმდეგება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაცია ახალი ამბების გაშუქებას არავის უკრძალავს.

რუსეთის საგარეო უწყებაში კი განაცხადეს, რომ მოსკოვმა მომავალ კვირას, შესაძლოა, ამერიკული მედიის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღოს. კერძოდ, საუბარია “რადიო თავისუფლებასა” და “ამერიკის ხმაზე”.