თქვენ თუ დამოუკიდებელი მედია ხართ, რატომ არ აშუქებთ საქართველოს ოკუპაციის საკითხს - საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვა „რაშა თუდეის“ წარმომადგენელს [ვიდეო]

თქვენ თუ დამოუკიდებელი მედია ხართ, როგორც ამას ახლა გვიმტკიცებთ, რატომ არ აშუქებთ საქართველოს ოკუპაციის საკითხს, – ეს კითხვა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ „რაშა თუდეის“ (Russia Today) მთავარი რედაქტორის მოადგილესა და კომუნიკაციების დირექტორს, ანა ბელკინას დაუსვა.

ანა ბელკინა ევროსაბჭოს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც იმ სიმართლეს აშუქებს, რასაც დასავლური მედია მალავს.

პანელი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რაშიც დამსწრეებიც ჩაერთნენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ანა ბელკინას ჰკითხა: „თქვენ ამტკიცებთ, რომ დამოუკიდებელი ხართ, მაგრამ მრავალი ფაქტი საპირისპიროს ადასტურებს. ერთი მხრივ, ატლანტიკური საბჭოს და არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის კვლევა ცხადყოფს, რომ „რაშა თუდეი“ კრემლის პოლიტიკას ატარებს, მეორე მხრივ კი ვხედავთ, როგორ აშუქებს ფაქტებს თქვენი ტელევიზია. სამწუხაროდ, „რაშა თუდეი“ იმ მთავრობის პოლიტიკას გამოხატავს, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში ადამიანის უფლებებსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომელიც სჩადის სამხედრო დანაშაულს სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში. თუ თქვენ დამოუკიდებელი ხართ, რატომ არ ჩამოდიხართ საქართველოში ოკუპაციის გასაშუქებლად, რატომ არ ჩადიხართ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გასაშუქებლად და რატომ მალავთ იმ სისასტიკეს, რასაც რუსეთის ხელისუფლება სირიაში სჩადის?“, – მიმართა ქეთი თუთბერიძემ ანა ბელკინას.

ჟურნალისტის კითხვაზე ბელკინამ განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ ობიექტურად აშუქებს საქართველოს საკითხს.

„ჩვენ ვაშუქებთ იმას, რაც ხდება საქართველოში და ვაშუქებდით ობიექტურად. ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო“, – განაცხადა ბელკინამ.

ანა ბელკინას სიტყვებს დარბაზში პროტესტის ნიშნად ხმაური მოჰყვა.

უკრაინის წარმომადგენლებმა „რაშა თუდეისთან“ დაკავშირებით განაცხადეს, რომ „ფეიკ ნიუსების“ (Fake News) შემოქმედი ტელევიზიის წარმომადგენლის ადგილი ევროსაბჭოში არ არის.

დატოვე კომენტარი