ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანიების დოკუმენტაციები გამოიკვლიეს
ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანიების დოკუმენტაციები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანიების დოკუმენტაციები გამოიკვლია.

„მათ შორის გამოვიკვლიეთ „ჯიემჯი კონსალტინგ ჯგუფის“, ანუ იმ კომპანიის დოკუმენტაცია, რომელიც ფლობდა თავის მხრივ ტელეკომპანია „იმედს“. ასევე გამოვიკვლიეთ გოგი ჯაოშვილის სანოტარო აქტი, რომლითაც გოგი ჯაოშვილმა თავის შენობაში დაფიქსირებული ზემოქმედებების შედეგად განახორციელა ჯოსეფ ქეის სასარგებლოდ მისი კუთვნილი წილის გადაცემა. ასევე საკითხი, საბოლოოდ როგორ აღმოჩნდა გიორგი არველაძის ხელში წილები. იძულებით ცვლილებაზე უშუალოდ დოკუმენტში საუბარი არ არის, თუმცა მოწმემ, მათ შორის გოგი ჯაოშვილმა ისაუბრა, რა ვითარებაში გადაფორმდა წილი ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ, კერძოდ მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება“, – განაცხადა პროკურორმა დათო ნეფარიძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორ ბექა ბასილაია ამბობს, საქმეზე ბრალდების მხარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„მართალია, მოწმეები საუბრობენ, რომ ეს გადაფორმებები დაკავშირებული იყო გარკვეულ იძულებასთან, მაგრამ აქ საინტერესოა ვინ მიიღო წილები საბოლოოდ, და ეს იყო ჯოზეფ ქეი. ჯოზეფ ქეის ამ საქმეში მოწმის გარდა სხვა სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, ბრალდების მხარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. თუ ჯოზეფ ქეის არ ჩაუდენია დანაშაული, მაშინ სხვა პირიც ვერ ჩაიდენდა დანაშაულს. თუ ჩაიდინა, რატომ არ არის ბრალდებული“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მომდევნო სხდომა 9 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს.