თელავის მერის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ხუთ მილიონ ლარამდეა
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ხუთ მილიონ ლარამდეა, – ამის შესახებ თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.
თელავის მერის ინფორმაციით, მდინარე სტორზე მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს დროებით ნაპირგამაგრებით სამუშაოები. შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ფშაველი – ლეჩურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, რომლის ერთი მონაკვეთიც მდინარე სტორმა ორი დღის წინ ნაწილობრივ დაანგრია.
„ჩვენ ველოდებით დამატებით ტექნიკას, რათა შესრულდეს მდინარის კალაპოტზე სამუშაოები ისე, რომ ნალექის შემთხვევაში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
დღესვე კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი საბანკო სფერის წარმომადგენლებს შეხვდება და სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის აგროსესხების გადავადების საკითხს განიხილავს.