ლევან დავითაშვილი - კახეთში სტიქიის შედეგად ძირითადად მევენახე ფერმერები დაზარალდნენ, მათი მოწეული პროდუქცია სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩაბარდება
ლევან დავითაშვილი - კახეთში სტიქიის შედეგად ძირითადად მევენახე ფერმერები დაზარალდნენ, მათი მოწეული პროდუქცია სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩაბარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალეს და დეტალურად შეაფასეს.

მისივე თქმით, ძირითადად დაზარალდნენ მევენახე ფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო დაეხმარება და ზრუნვის გარეშე არ დატოვებს.

როგორც დავითაშვილი ამბობს, ფერმერები, დაზიანების სხვადსხვა ხარისხის მიუხედავად, ყურძენს სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩააბარებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, 26 აგვისტოს კახეთის რეგიონში იყო მნიშვნელოვანი სტიქია, რომელმაც ძირითადად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები. შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. როგორც იცით, პირველივე დღიდან რთველის საკოორდინაციო შტაბმა დაიწყო ზარალის შეფასება, დაზუსტება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 5 ათასი ჰექტარია დაზიანებული კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ძირითადად არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები. არის სოფლები, სადაც დაზიანება 100%-მდეა, თუმცა არის რაიონები, სადაც 30-დან 50%-მდე ზარალს ველოდებით.

მოხდა დეტალური შეფასება. ხუთი ათასი ჰექტარიდან ძირითადად დაზიანებულია ვენახები, ეს არის როგოც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები. ასე რომ ძირითადი სტიქია შეეხო მაინც მევენახე ფერმერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მყისიერად მომხდარიყო ფერმერებთან კომუნიკაცია, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქცია, მიუხედავად კონდიციისა (დასეტყვილი დაზიანება), დაზიანების სხვადსახვა ხარისხის მიუხედავად, ჩაბარდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, ისე თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

„იცით, რომ რთველის განმავლობაში, მოსავლის მართვის კომპანია ისედაც წარმოდგენილია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, მოსავლის მართვის კომპანიას ნაქირავები აქვს სხვადასხვა ღვინის ქარხანა, რათა ჭარბი პროდუქციის დაბინავება შეუფერხებლად მოახერხონ ჩვენმა მევენახე ფერმერებმა. ასეც ხდება, მათ შორის სტიქიის პირობებშიც. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, ისე თითოეული ჩვენი თანამშრომელი და თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, იმისთვის, რომ ჩაბარების პროცესს არანაირი შეფერხება არ ჰქონდეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე პირადად მომიწია რეგიონში ვიზიტი. ვიყავი მხარის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვედრებზე მევენახე ფერმერებთან, ვისაც უშუალოდ შეეხო ზარალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვისაუბრეთ, მაქსიმალურად რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინი, რაც ჩვენს ფერმერებს ჰქონდათ, სრულად არის გამართლებული ჩვენს გადაწყვეტილებებში. კერძოდ, სახელმწიფო რქაწითელის ჯიშის ყურძენს იბარებს, თეთრი თუ მწვანე იქნება, 80 თეთრად, მიუხედავად დაზიანებებისა, ასევე ერთ ლარად ხდება ჩაბარება საფერავის ჯიშის ყურძნის ყველა იმ ლოკაციაზე, რომელიც არის გახსნილი სტიქიის რეგიონში. შესაბამისად, მოსახლეობას არ უწევს შორ მანძილზე მოწეული პროდუქციის გადაადგილება, დაბინავება ხდება ოპერატიულად. გვესმის, რომ დაზიანების ხარისხის მიუხედავად, მალფუჭებადი პროდუქცია უფრო სათუთია, მას სჭირდება ოპერატიულად დაბინავება და ამისთვის სახელმწიფოს აქვს გაკეთებული ყველაფერი, ყველაფერი არის ორგანიზებული“, – აღნიშნა დავითაშვილმა.