„თელასი“ ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს საკაბელოთი ცვლის
თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ.
„თელასის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და მასმედიის წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი და ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზების და მათი ანძების დემონტაჟი. ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,66 კმ შეადგენს. საერთო ჯამში მიწის ქვეშ დაიგება 16 კმ კაბელი. პროექტის განხორციელება სს „თელასმა“ მიმდინარე წელს დაიწყო და ნოემბრის თვეში დაასრულებს.
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ ექსპლუატაციაში 50 წელზე მეტი ხნის წინ შევიდა. აღნიშნული ხაზები საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე გადიოდა, რაც ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე წესებს და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მოძველებული საჰაერო ხაზები ამახინჯებდენ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის იერსახეს და საგრძნობლად აფერხებდნენ ავტომობილების მოძრაობას ისედაც საკმაოდ დატვირთულ სატრანსპორტო არტერიებზე.
ახალი საკაბელო ხაზი საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.