ფუტსალის ლიგა | ორწლიანი პაუზის შემდეგ - „თელასი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | ორწლიანი პაუზის შემდეგ - „თელასი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT

„თელასი“ საქართელოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია. ავთანდილ ასათიანის გუნდმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) გადამწყვეტი დაპირისპირება მოიგო და ფინალური სერიის გამარჯვებული გახდა.

ფინალური სერიის მეოთხე მატჩამდე ანგარიში 2:1 იყო „თელასის“ სასარგებლოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად კი სამი გამარჯვება იყო საჭირო. თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახელში გამართული შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ანგარიში მე-11 წუთზე „თელასის“ მოთამაშე ირაკლი თოდუამ საჯარიმო დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კსუ-მ წონასწორობა აღადგინა – თავი ნიკა მანგოშვილმა გამოიჩინა, რომელმაც კარი ასევე საჯარიმო დარტყმით აიღო.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბულად მიმდინარეობდა, რეალური საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს და დაინიშნა დამატებითი 3-წუთიანი ტაიმები – პირველი კვლავ უგოლოდ დასრულდა, მეორე დამატებით დროში კი გოლი ისევ საჯარიმოდან გავიდა – „თელასის“ კაპიტანმა შოთა თოფურიამ ძლიერი დარტყმით გუნდი დააწინაურა და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა – „თელასმა“ 2:1 მოიგო, სერიაში კი 3:1 გაიმარჯვა.

ამრიგად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს „თელასი“ წარმოადგენს – ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი, რომელიც ოქროს მედლებს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა.