პსჟ-ის სპორტულ დირექტორს, ლუიშ კამპუშს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა სოციალურ ქსელში გაამხილა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა, თუმცა გუნდის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის მქონდა. ფეხბურთელები შეტყობინებებს მიგზავნიდნენ, ჩემ სანახავად მოდიოდნენ და დადებითი ენერგიით მავსებდნენ.
რა საოცარი გუნდია! მათთან ერთად ვიპოვე ძალა, რომ ცხოვრების მიერ ჩემ წინაშე დაყენებული დაბრკოლება გადავლახო. მიზანთან უკვე ძალიან ახლოს ვარ.
კვლავ შემიძლია მუშაობა და მაქსიმუმის გაკეთება. მუშაობა ძალას მაძლევს და მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ვარ“, – დაწერა კამპუშმა სოციალურ ქსელ X-ზე.
62 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ გაუმჟღავნებია. კამპუში პარიზული კლუბის სპორტულ ხელმძღვანელობაში 2022 წლიდან მუშაობს.