ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი – შევეცდებით, სეზონი დადებითი შედეგით დავასრულოთ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ფინალის ტოლფასი მატჩი გაიმართება – სეზონის ბოლოსწინა შეხვედრაში გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ მოქმედ ჩემპიონს და მეორეადგილოსანს, თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდება. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დარჩენილი ორი ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მთავარია, ბოლო თამაშებში ქულები არ დავკარგოთ. საჩემპიონო ბრძოლაში ვითარება ძალიან გართულდა. ორი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი, ყველამ კარგად იცის – ორივეში ძლიერ მეტოქეებს ვხდებით. მოვემზადებით და ყველანაირად შევეცდებით, სეზონი დადებითი შედეგით დავასრულოთ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
ბათუმის „დინამო“ „იბერიას“ „მიხეილ მესხი არენაზე“ პირველ დეკემბერს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურის შეხვედრას 5 დეკემბერს ქუთაისში „ტორპედოსთან“ გამართავს. ამ მატჩებში ქვეყნის ჩემპიონის ბედი გაირკვევა.