ლეგიონერები | ნარიმანიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კაპანაძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანმა კვლავ მაღალ დონეზე ითამაშა „ექსელსიორში“, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატში (ერედივიზიონში) საკუთარ მოედანზე „ტელსტარს“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასება (8,2 ქულა) დაიმსახურა.
ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა“ ბუნდესლიგაში „ელფსბერგს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრაში „ჯვაროსნების“ მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
გიორგი რობაქიძის ოდესის „ჩერნომორეცმა“ უკრაინის ჩემპიონატში მოულოდნელ შედეგს მიაღწია. აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, კიევის „დინამოს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ცოტნე კაპანაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და „დუნაისკა სტრედას“ „პოდბრეზოვასთან“ გასვლით შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). ქართველი მცველი ტრავმის მოშუშების შემდეგ ჩემპიონატის ლიდერის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მაღალი შეფასება (7,6 ქულა) დაიმსახურა.
„კომარნომ“ სანდრო ნარიმანიძის „ჟილინას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი თამაში 7,8 ქულით შეაფასეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.