ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა
აშშ-ში, ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დევინ კელი 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა – ამის შესახებ პოლიციის ანგარიშშია ნათქვამი.
ელ პასოს ოფიცრების ინფორმაციით, მაშინდელი ჩანაწერებით, კელი „სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“. ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც გაირკვა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობისას ცოლსა და გერზე ძალადობდა.
ანგარიშის მიხედვით, კელი მოკვლით ემუქრებოდა სამხედროებსაც, რომლებიც მასთან ერთად მსახურობდნენ საჰაერო ძალებში.
ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი 5 დღით ადრე შვილებთან ერთად იმყოფებოდა საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარში, სადაც ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალი იმართებოდა.