ტედროს გებრეისუსი - მივმართავ ყველა ქვეყანას მკაფიო გზავნილით, ჩაუტარეთ ტესტი ყველა საეჭვო პირს, თუ გამოვლინდა ვირუსი, მოძებნეთ კონტაქტები და მოახდინეთ მათი იზოლაცია
სოციალური კონტაქტების შემცირებით შესაძლებელია ვირუსის გადაცემის შემთხვევების შემცირება, რაც ეხმარება ჯანდაცვის სისტემას, შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კორონავირუსის შემთხვევები ახლა მთელ მსოფლიოში უფრო მეტია, ვიდრე ჩინეთში.
„გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატება მთელ მსოფლიოში. ახლა კორონავირუსის შემთხვევები მთელ მსოფლიოში უფრო მეტია, ვიდრე ჩინეთში. ასევე ვნახეთ, რომ ქვეყნების ნაწილმა მიიღო მკაცრი ზომები სოციალური კონტაქტების შესამცირებლად, მათ შორის იყო სკოლების დახურვა, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებების გაუქმება, მაგრამ არ გვინახავს მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ნაბიჯები ტესტირების, იზოლაციისა და კონტაქტების გამოვლენის კუთხით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სოციალური კონტაქტების შემცირებით შესაძლებელია ვირუსის გადაცემის შემთხვევების შემცირება და ეს ეხმარება ჯანდაცვის სისტემას, შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ამ ეპიდემიის შესაჩერებლად. აუცილებელია, ყველა ზომის ერთად გატარება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მიმართოს უფრო ფართო მიდგომას.
„ყველაზე ეფექტიანი არის გადაცემათა ჯაჭვის გაწყვეტა. ამისთვის აუცილებელია, ტესტირება და იზოლაცია. ხანძარს თვალახვეული ვერ ჩააქრობს. ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიას, თუ არ გვეცოდინება ინფიცირებულები. მე მივმართავ ყველა ქვეყანას მკაფიო გზავნილით, ჩაატარეთ ტესტები, ჩაუტარეთ ტესტი ყველა საეჭვო პირს, თუ გამოვლინდა ვირუსი, მოძებნეთ კონტაქტები და მოახდინეთ მათი იზოლაცია, ვიდრე მათ გამოუვლინდებათ სიმპტომები“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გაგზავნა 1,5 მილიონზე მეტი ტესტი 120 ქვეყანაში.
„ჩვენ ვმუშაობთ კომპანიებთან ერთად, რომ ტესტები ხელმისწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენი ორგანიზაცია ურჩევს ყველას, რომ ტესტი ჩაუტარონ ყველა პაციენტს, მათ, ვისაც მსუბუქი სიმტპომები აქვთ, მაინც უნდა იყვნენ იზოლირებული, რათა გადაცემის პრევენცია მოხდეს.
„კოვიდ-19-ით“ ინფიცირებულ ადამიანებს შეუძლიათ, გაავრცელონ ინფექცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სიმპტომები არ აქვთ. ამიტომ აუცილებელია, იზოლაცია სულ მცირე, ორი კვირა გაგრძელდეს. მთავარი არის ტესტირება. ეს სერიოზული დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობის მაჩევენებელი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო მეტია, ჩვენ მაინც ვნახეთ, რომ ახალგაზრდები და ბავშვებიც დაიღუპნენ. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი წესები, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვებს, ასაკოვან ადამიანებსა და ორსულებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.