თედო ჯაფარიძე - საქართველოს წარმატება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ყველა გამომსვლელმა აღიარა
თედო ჯაფარიძე - საქართველოს წარმატება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ყველა გამომსვლელმა აღიარა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ყველა გამომსვლელმა აღიარა საქართველოს წარმატება, რეფორმების ხარისხი და ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი მთავრობა და ხალხი ევროკავშირის დახმარებით დგამს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და საქართველოს მთავრობა კმაყოფილია დეკლარაციით, რომელიც დღევანდელ სამიტზე მიიღეს.

„დეკლარაციაში აღიარებულია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ის რეფორმები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ჩაატარა და ხაზგასმულია ის სამომავლო გეგმა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან ერთად დასახა, რათა განახორციელოს ქვეყნის მოდერნიზება და რეფორმირება“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა – ზუსტად ასეთი ჩანაწერი დეკლარაციაში არ არის გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი ეხება საქართველოს სამომავლო გეგმებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და მისწრაფების ფორმულირება წლევანდელი სამიტის დეკლარაციაში, როგორც ეს 2015 წელს რიგის სამიტის დეკლარაციაში იყო, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული.

„მოგეხსენებათ, რამდენად რთულია მდგომარეობა თავად ევროკავშირში, ცალკე წევრ სახელმწიფოებში და აქედან გამომდინარე, კერძო საუბრებში, ორმხრივ ფორმატებში ამ თემაზე იყო საუბარი. ეს ყველაფერი დაფიქსირდა, მაგრამ საერთო კონტექსტში, ამჯერად, ამ სამიტზე, ეს ჩანაწერი არ გაკეთდა, თუმცა დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე მან პირდაპირ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, ორი წლის შემდეგ, ეს ყველაფერი დაფიქსირდეს და ჩვენი ქვეყანა გახდეს ამ პერსპექტივის ნაწილი“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ჟურნალისტებმა თედო ჯაფარიძეს ჰკითხეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ უკრაინელებისთვის შემუშავდება ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომ ისინი ერთ დღეს გახდებიან საბაჟო კავშირის წევრები. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ამ საკითხზე, ჯაფარიძის თქმით, ყველაფერი, რაც ევროკავშირს ეხება, საქართველოს მთავრობისთვის მისაღებია.

„მინდა, ყურადღება მიაქციოთ პრემიერის გამოსვლას, მან ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები და ჩვენი ხედვები და რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან, ეს იქნება საბაჟო კავშირები თუ სხვა ფორმატები, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მივუერთდებით“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა რუსეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებით საქართველომ ყველა შეხვედრაზე დააფიქსირა პოზიცია.

„ზოგადად, ამ ქვეყანასთან მიმართებით ევროპული სახელმწიფოების განწყობა ძალიან ცალსახა და გასაგებია. თავად ევროპული სახელმწიფოების, ძალიან ცალსახაა და გასაგებია, რომ არავინ აღიარებს, იმ ნაბიჯებს, რომელთაც ჩვენი დიდი მეზობელი დგამს ჩვენ მიმართ და არამხოლოდ ჩვენ მიმართ“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა.

22-გვერდიანი დოკუმენტი 21 პუნქტისგან შედგება. ამას გარდა, დეკლარაციაში ჩამოთვლილია ის 20 ამოცანა, რომლის შესრულებაც 2020 წლამდე უნდა მოხდეს.

დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.