თედო ჯაფარიძე თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორ ფიონა ჰილს შეხვდა
თედო ჯაფარიძე თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორ ფიონა ჰილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორს ევროპისა და რუსეთის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობასა და მისი კიდევ უფრო განმტკიცების ეფექტიანი მექანიზმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში. ერთხმად აღინიშნა საქართველოს  მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დირექტორი კატერინ კროფტი და ვიცე-პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ევროპის საკითხებში გაბრიელა კოუენი.