თედო ჯაფარიძე - აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის როლი განსაკუთრებულია
თედო ჯაფარიძე - აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის როლი განსაკუთრებულია

საქართველოსთან ურთიერთობები ევროატლანტიკური თანამეგობრობის ერთ-ერთი იმ მიმართულებათაგანია, სადაც ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციები, მათ კავშირებში დღეს არსებული რთული დინამიკის მიუხედავად, ერთმანეთს ემთხვევა – ისინი თანხმდებიან, რომ საქართველო არის წამყვანი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს მეტად რთულ, კომპლექსური ხასიათის რეფორმებს და ამ პროცესში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლი განსაკუთრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას უმაღლესი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველომ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ვეს მიტჩელმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა იმ როლისთვის, რომელსაც პრემიერი და მისი გუნდი ასრულებენ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე – ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად.

თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი აშშ-ის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე ვეს მიტჩელმა პრემიერ-მინისტრთან სამუშაო ვახშამზეც ისაუბრა.

„ვეს მიტჩელმა ბრძანა, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია არა მხოლოდ ხანგრძლივ, 29-წლიან ისტორიაზე, ინსტიტუციურ და ფასეულობათა ერთიანობაზე, არამედ – პირად მეგობრობაზეც. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აქტიურად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვიცე-პრეზიდენტი პენსი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მეგობრად მიიჩნევს, ხოლო საქართველოს აფასებს სამაგალითო ქვეყნად, რომელიც მუდმივად დასავლური სამყაროს ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. მიტჩელმა თქვა ისიც, რომ ყველაფერს, რაც საქართველოში რეფორმებისა და მოდერნიზების პროცესს შეაფერხებს, დახვდება აშშ-ის ძალიან ხისტი, მკაცრი წინააღმდეგობა, არა მხოლოდ განცხადებების, არამედ პრაქტიკული ნაბიჯების დონეზე“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი საკმაოდ რთულია და მრავალ თემას მოიცავს, არის როგორც პოზიციების თანხვედრა, ისე წინააღმდეგობები, საქართველო არის თემატიკა, სადაც მათი პოზიციები ერთიანია – საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში.

თედო ჯაფარიძემ ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრები გაიხსენა, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლიდერობით მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის პროცესისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მისი ინფორმაციით, როგორც ევროკომისიაში გამართულ კონსულტაციებზე, ასევე მაღალი დონის კონფერენციაზე უმაღლესი დონის პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მონაწილეობით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული.

„საქართველო განიხილებოდა, როგორც სამაგალითო ქვეყანა, სადაც იმდენად დინამიურია რეფორმების ტალღა, რომ მას, უცხოელი პოლიტიკოსების და ექსპერტების აზრით, არაერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ უნდა მიბაძოს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოდერნიზაციის პროცესი დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომელთა რეალიზება პრაქტიკაში, ნებისმიერ ქვეყანაში, არც თუ ისე მარტივია. დემოკრატია გულისხმობს პლურალიზმს, აქედან გამომდინარე – აზრთა სხვადასხვაობას და ლიდერის ფასი მდგომარეობს იმაში, რომ მან შეძლოს ასეთი ურთულესი რეფორმების ცხოვრებაში გატარება. ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი ამ პროცესების წარმართვაში. ერთხმად იყო აღიარებული, რომ ევროკავშირისთვის საქართველო არის წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, რომლის საგარეო და შიდა დღის წესრიგი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული – ქვეყნის მიერ არჩეული საგარეო-პოლიტიკური ვექტორი განსაზღვრავს შიდა რეფორმების დღის წესრიგს, რაც დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებს ეფუძნება“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, ევროკავშირი, აშშ-თან ერთად, ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული რეფორმების კურსს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნას და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას ემსახურება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.