თეა წულუკიანი მოკლული ლექტორის საქმეზე - სახელმწიფომ კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს განმეორდეს
სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მარიამ წივწივაძის საქმე გადაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში.
“ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული საქმე, რომელიც სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა არის სავსე დარღვევებით. ქართულმა დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. რა თქმა უნდა, ამას სიტყვები, თუნდაც სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და მხარდაჭერა რაც არ უნდა გაკეთდეს, არ იქნება საკმარისი იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც დედა დაკარგეს, ამიტომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ამგვარი რამ არასდროს არ განმეორდეს. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც არის გაგზავნილი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავის რეჟიმში არ ვიმყოფებით და არ ვიქნებით. ჩვენ წარვადგინეთ სტრასბურგის სასამართლოში უბრალოდ იმ რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ცუდი მაგალითების შემდეგ გადადგა. დღეს მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები არიან გაცილებით მეტად მობილიზებულები, რომ პროკურატურაში თავად მსხვერპლების მიმართვიანობა არის გაზრდილი. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სისტემური ცვლილებების წყალობით, რომელიც ჩვენ პარლამენტთან ერთად, თუნდაც სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის შედეგად გააკეთა, ამგვარი რამ მომავალში ჩვენ ქვეყანაში არასდროს განმეორდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქალაქო სასამართლომ ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, მარიამ წივწივაძის ოჯახის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლულის ოჯახის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.