თეა ახვლედიანი - მზად ვართ, აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა, ევროპული მომავალი ყველას განუხრელი არჩევანია
თეა ახვლედიანი - მზად ვართ, აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა, ევროპული მომავალი ყველას განუხრელი არჩევანია

მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად კვლავ დარჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და მათი მხარდაჭერის მიზნით ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიურად გაგრძელდება გასულ წლებში ერთიანი სამთავრობო გუნდით წამოწყებული ყველა ინიციატივა.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით გაგრძელდება მუშაობა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით,  რათა  შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე.

რა თქმა უნდა, აქტიურად  გაგრძელდება გასულ წლებში ერთიანი სამთავრობო გუნდით წამოწყებული ყველა ინიციატივა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხედვა ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა თუ სტრატეგიების ადაპტაციის პროცესში ითვალისწინებს სწრაფად ცვალებად რეალობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებსა და მიმდინარე საჭიროებებს იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული და  ოპტიმალური გზები გამოვნახოთ ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის. გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.