თეა ახვლედიანი - მინდა, თანაგრძნობა დავუდასტურო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ ახლობლების ნეშტების დაბრუნება მცირედით მაინც ანუგეშებს მათ
თეა ახვლედიანი - მინდა, თანაგრძნობა დავუდასტურო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ ახლობლების ნეშტების დაბრუნება მცირედით მაინც ანუგეშებს მათ

მინდა, ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობა დავუდასტურო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მათთვის უძვირფასესი ადამიანების დაღუპვის დადასტურების შედეგად კიდევ ერთხელ განცდილი ტკივილის გამო და აქვე მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ახლობლების ნეშტების დაბრუნება მცირედით მაინც ანუგეშებს მათ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლამ არაერთი ჩვენი გმირის და ათასობით მშვიდობიანი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენის პროცესს, ისევე, როგორც მათი ოჯახების დახმარების პროცესს სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და ეგიდით. ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით კიდევ რვა ადამიანის მოძიება, იდენტიფიცირება და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენება გახდა შესაძლებელი ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეების შესაბამისი სახელმწიფო უწყებების და რა თქმა უნდა, წითელი ჯვრის ძალისხმევით. დღეს ჩვენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაძლებლობა გვქონდა, რვა გადმოსვენებული ნეშტი გადაგვეცა მათი ოჯახებისთვის. ეს იყო საკმაოდ მძიმე და ძალიან ემოციური შეხვედრა და მე კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობა დავუდასტურო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მათთვის უძვირფასესი ადამიანების დაღუპვის დადასტურების შედეგად კიდევ ერთხელ განცდილი ტკივილის გამო და აქვე მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ მათი ახლობლების ნეშტების დაბრუნება მცირედით მაინც ანუგეშებს მათ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 219.