„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს.
გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე.
მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.