თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაეწერება. ამის შესახებ ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგმა, ელენე ნებაძემ განაცხადა.
„პაციენტს დაესვა დიაგნოზი – ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკა შედარებით გაუმჯობესებული. გაეწერება ხვალ“, – განაცხადა ექიმმა ელენე ნებაძემ.
რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ორი მამაკაცი, რომლებსაც სხეულის თერმული დამწვრობა აღენიშნებათ. „დამწვრობის ცენტრის“ ექიმის, ლიკა გეგუჩაძის ინფორმაციით, პაციენტები ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ.
კიდევ ერთი დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, ექიმის ინფორმაციით, საშუალოდ მძიმეა. ის მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.
ხანძარი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე 7 დეკემბერს გაჩნდა.