თბილისში „წითელი პარკისა“ და ე.წ. წურწუმიას პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება 
თბილისში „წითელი პარკისა“ და ე.წ. წურწუმიას პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება 

თბილისში მიმდინარე წელს ორი დიდი საქალაქო პარკის რეაბილიტაცია იწყება,  – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ე.წ. წურწუმიას პარკსა და „წითელ პარკზე“.

„ეს არის ე.წ. წურწუმიას პარკი, რომელიც ამორტიზებული და მოძველებული იყო. უკვე იწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესაბამისი დენდროლოგიის ჩათვლით. ასევე, იწყება ე.წ. წითელი პარკის, გოძიაშვილის პარკის სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლოს თბილისელებს ექნებათ საშუალება, ამ ორი დიდი განახლებული პარკით ისარგებლონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის მიზნით, მერის დავალების შესაბამისად, წელს პროექტები მომზადდება, მომავალ წელს კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელება.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო არ არის. მან მაია ბითაძეს დაავალა, მომზადდეს 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო პროექტი.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ორი ახალი პარკი გაშენდება, ამ მიზნით, კვლევითი სამუშაოები უკვე იწყება.