თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა
თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დადასტურებული იქნა ორივე მხარის, საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგები, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკის ჩათვლით. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ყურადღება გაამახვილეს სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის თემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის, როგორც საერთო პრიორიტეტის, კრიტიკულ მნიშვნელობას, მათ შორის შავ ზღვაზე.
„ევროკავშირის მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით.
დიალოგის შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.
უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.