თბილისში საქართველო-უზბეკეთის პირველი ბიზნესფორუმი იმართება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-უზბეკეთის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
ფორუმში მონაწილეობენ ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები – საფინანსო, ავია, სარკინიგზო, სამშენებლო, სატრანსპორტო, ტურისტული, მსუბუქი მრეწველობის, ალკოჰოლური პროდუქციის, ფარმაცევტული, ელექტრო და სამშენებლო მასალების სფეროებიდან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ორ ქვეყანას შორის კერძო სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დასაწყისია. ფორუმზე მათ საშუალება ექნებათ საქმიანი კომუნიკაცია დაამყარონ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ.
უზბეკეთის ბიზნესსექტორის ნაწილი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მათ 14 მაისს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.