ლევან დავითაშვილი - ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, ასევე შევძლოთ ეკონომიკური სტრუქტურის თვისობრივად ზრდა
ლევან დავითაშვილი - ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, ასევე შევძლოთ ეკონომიკური სტრუქტურის თვისობრივად ზრდა

ჩვენთვის, ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე საბრისას განაცხადა.

„იცით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, საკმაოდ მაღალ დონეზე ვინარჩუნებდით უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში. დაახლოებით 2 მლრდ დოლარი იყო საშუალოდ, რაც მაღალი მაჩვენებელია მშპ-სთან მიმართებით.

ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნიდან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ, შევძლოთ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურის თვისობრივად ზრდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ საუდის არაბეთი, რომელიც სპარსეთის ყურეში უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს.

„გასულ წელს ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო სპარსეთის ყურეში, როდესაც ჩვენ შევხვდით პრინცს და მთავრობის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური ურთიერთობები, პლატფორმები იმისთვის, რომ წაგვეხალისებინა ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ასეც მოხდა, დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა 15 საბჭო, რომლებშიც საუდის არაბეთიდან ბიზნესებია წარმოდგენილი იმისთვის, რომ კიდევ უფრო წავახალისოთ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.

იმედი მაქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. იცით, რომ არსებობს სპარსეთის ყურის ქვეყნების საბჭო და, როგორც წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი ხდება ზუსტად ამ საბჭოს ფარგლებში და არა ინდივიდუალურად, ცალკე ქვეყნებთან. თუმცა, გამონაკლისი მაინც არსებობს. თქვენ იცით, რომ გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც წელს შევა ძალაში.

ასევე, გასულ წელს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვყავდა სწორედ საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში, სადაც ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების განახლებაზე, რომელზეც 2019 წელს გვქონდა საუბარი დაწყებული. სამწუხაროდ, კოვიდმა ეს პროცესი შეაფერხა. ახლა ეს აქტუალურად დგას ორ ქვეყანას შორის და დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სწორედ ეს საკითხიც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.