ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმზე საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობენ.

ქართულმა მხარემ ჩეხ კოლეგებს გააცნო აჭარის საინვესტიციო, ტურუსტული შესაძლებლობები და მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.

საინვესტიციო ფორუმს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი დაესწრო. მისი თქმით, ორი ქვეყნის საერთო ამოცანაა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა. მილოშ ვისტრჩილის განცხადებით, საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი.

„ბევრი წელია, ჩეხეთი საქართველოს პარტნიორია. ამ პარტნიორობის საფუძველზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვიხორციელებია. ეს კარგად ჩანს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მახარებს, რომ ჩეხური ინტერესები და ბიზნესები ოპერირებენ ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პლატფორმა მისცემს შესაძლებლობას კერძო სექტორს, ბიზნესის წარმომადგენლებს, განიხილონ როგორც თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, ასევე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩეხეთის მხარდაჭერა „ასოცირებულ ტრიოს“ მიმართ, რომელიც მოიცავს სამ ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს. ამ სამმა ქვეყანამ, როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად ერთდროულად წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შესაბამისად, ამ მხარდაჭერის იმედით ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ,  ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. აჭარის მთავრობისთვის მოცემულ პერიოდში განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის აღდგენა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბიზნესფორუმი მეორედ ტარდება. მას ოფიციალურ პირებთან ერთად, ლოგისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელები დაესწრნენ.