თბილისში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრა გაიმართა
თბილისში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
პლატფორმის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებისთვის მიწოდებაა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთი და იგივეა.
„ძალიან ეფექტურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მივესალმებით დღევანდელ განხილვებს. ჩვენ ველოდებით რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პირველად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში“, – განაცხადა მიეილ ჯანელიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო.
„ასეთი შეხვედრები წელიწადში ერთხელ იმართება. ჩვენ გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ გვჭირდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აგრეთვე დელეგაციები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებებს წარმოადგენენ ევროკავშირში რომ გვქონდეს დისკუსია ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები კარგია პირველ რიგში იმიტომ, რომ დავინახოთ სად ვართ და როგორ ვაპირებთ შემდგომ განვითარებას“, – განცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეხვედრას ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.