თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
თბილისში  საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი  გაიმართება

თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 14- 19 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

სამინისტროს ცნობით, ფესტივალის ფარგლებში თბილისს 21 ქვეყნიდან ეწვევა 24 ავტორი. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე, კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ავსტრიულ ბიბლიოთეკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.