მწერალთა სახლში  17-21 მაისს ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
მწერალთა სახლში  17-21 მაისს ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

მწერალთა სახლი 17-21 მაისს რიგით მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. ხუთი დღის განმავლობაში მწერალთა სახლი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სივრცეს დაუთმობს ლიტერატურულ და საგანმანათლებლო საღამოებსა და დისკუსიებს. ფესტივალის სტუმრები იქნებიან მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან, რომელთა შორის არიან: მაიკლ პალმერი(აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაცუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ლევ რუბინშტეინი (რუსეთი); მანფრედ ხობოტი (ავსტრია).

განვლილ ფესტივალებზე ფესტივალის სტუმრები იყვნენ დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვა არაერთი საინტერესო და აღიარებული მწერალი.

„თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა ლიტერატურის ორი პოლუსი და გაორება. გარდა საერთაშორისო პროგრამისა, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული პროგრამაც, სადაც ათი ქართველი ავტორი მოგვითხრობს საკუთარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებზე. მეტიც -თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე რამდენიმე მისტიფიკატორის ვინაობა გამოვლინდება – ისინი სწორედ ფესტივალის დღეებში გაგვიმხელენ პირველად საკუთარი ლიტერატურული მეორე „მე“-ს არსებობის შესახებ“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.