თბილისში, რუსეთის ვიზის აღების მსურველთა რიგში მდგომებს შორის დაპირისპირებაა
თბილისში, შვეიცარიის საელჩოს – რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ხმაურია, სადაც რუსეთში გამგზავრების მსურველები კონსულთან შესვლას და პასპორტში რუსეთის ვიზის ჩარტყმას ელოდებიან. ადგილზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფება. ხმაური რიგის დაცვის პროცედურას უკავშირდება.
როგორც პირველ არხს რუსეთის ვიზის მიღების ერთ-ერთმა მსურველმა განუცხადა, გაურკვევლობა გუშინდელმა ინციდენტმა გამოიწვია. გუშინ, 11:00 საათზე საელჩო დაიკეტა და რიგში მყოფი ადამიანები დღეისთვის დაიბარეს.
ცოცხალ რიგში ჩაწერილი მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„გუშინ მოქალაქეებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ორი ქალი ერთმანეთს ხელითაც შეეხო, რასაც მოჰყვა ხმაური და კივილი. საელჩოს წარმომადგენლები გაბრაზდნენ და დილის 11:00 საათზე ოფისი დაკეტეს. ახლა ვდგავართ პატარა ბავშვებით სიცხესა და მტვერში ქუჩაში, სადაც არის ავტომობილების სწრაფი მოძრაობა.
გუშინ საელჩო საერთოდ დაკეტეს და ასობით ადამიანი, ვინც სხვადასხვა ქალაქებიდან ვართ ჩამოსული, უპასუხოდ დაგვტოვეს. ეს არის უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი“, – განუცხადა პირველ არხს რუსეთის ვიზის მიღების მსურველმა.