დიდთოვლობის გამო მლეთასთან სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ვიდეო)

საავტომობილო გზის მლეთის მონაკვეთზე სატვირთო მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც სატვირთო ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, ისინი მესამე დღეა, დიდთოვლობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

მძღოლების ნაწილი საპატრულო პოლიციის მუშაობით უკმაყოფილოა. ისინი პირველ არხთან აცხადებენ, რომ გარკვეულმა სატრანსპორტო საშუალებებმა პრივილეგიებით ისარგებლეს და აკრძალვის მიუხედავად, გადაადგილება მაინც შეძლეს.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო მლეთა-კობის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია.

როგორც პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და როგორც კი ზვავსაშიშროების რისკი შემცირდება, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.