თბილისში „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რძის პროდუქტების მწარმოებელმა 70-მდე კომპანიამ, ასევე სუპერმარკეტების, აგრარული ბაზრების, სექტორული ასოციაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

ამასთან, პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „ქართული რძის“ ნიშანი არის განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი (ნატურალური) რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს.

ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას.

„კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ჩატარებულმა ურბანულ მომხმარებელთა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს, იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური პროდუქცია, თუმცა მათ არ აქვთ საშუალება განასხვავონ ასეთი პროდუქტი რძის ფხვნილისა და სხვა დანამატებით დამზადებულისგან.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, „ქართული რძის“ ნიშნის გამოყენების უფლება ექნება ყველა რეგისტრირებულ და HACCP სერტიფიცირებული რძის საწარმოს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისათვის იყენებს ნედლ რძეს და აკმაყოფილებს ნიშნის მიღების კრიტერიუმებს. დამოუკიდებელი ორგანიზაცია რეგულარულად ჩაატარებს ამ რძის საწარმოების აუდიტს და მისი შედეგები და საწარმოს მონაცემები აიტვირთება ვებგვერდზე www.georgianmilk.ge, რომელიც გააქტიურდება მარტის დასაწყისში.

ნიშანი მეწარმეებს დაეხმარება არაჯანსაღი კონკურენციის დაძლევაში, რაც განპირობებულია ქართულ ბაზარზე რძის ფხვნილით წარმოებული პროდუქციის სიუხვით.

საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია GMA „ქართული რძის“ ნიშნის გაცნობას მოსახლეობისა და სუპერმარკეტებისთვის მომავალი თვიდან დაიწყებს.

პრეზენტაცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და მერსი ქორფსის პროექტის – კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ორგანიზებით გაიმართა.