თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.
„დღეიდან გადავედით 24-საათიან რეჟიმში, რაშიც იგულისხმება ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სატელეფონო კონსულტაციები და ექიმის ბინაზე ვიზიტი. ბოლო დღეების განმავლობაში მომართვიანობა გაზრდილია, შემოდიან ჩივილებით – მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა, სახსრების ტკივილი“, განაცხადა ოჯახის ექიმმა, ოლეგ წიქარიშვილმა.
დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:
შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მის: ვეკუას ქ. N 18
შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მის: გამრეკელის ქ. N19
შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57
შპს „მედსი“ („ვერე-21“), მის: ქიაჩელის ქ. N 18
შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.