თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკა „ევექსის“ ექიმმა ლევან სუხიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, საიდანაც ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„შემოსულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ცივი იარაღით აქვთ მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მას აქვს კისრისა და გულმკერდის ჭრილობა, მაგისტრალური სისხლძარღვებისა და გულმკერდის ორგანოების დაზიანებით. ჩაუტარდა ოპერაცია, მდგომარეობა არის მძიმე და ამჟამად მასთან ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული სამუშაოები მიმდინარეობს, ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
მეორე პაციენტს ასევე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, მას ოპერაციული მკურნალობა ამჟამად არ სჭირდება, რადგან შემავალი ჭრილობები არ ჰქონდა, თუმცა სისხლის დანაკარგი დიდი იყო“, – განაცხადა ლევან სუხიშვილმა.
შსს-მ პეკინზე დაჭრის ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.