თბილისში, პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს
თბილისში, პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძრო კიბის საშუალებით. პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა.
საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა.