თბილისში, OGP გლობალური სამიტის მონაწილეებს რობოტი სოფია სიტყვით მიმართავს
თბილისში, OGP გლობალური სამიტის მონაწილეებს რობოტი სოფია სიტყვით მიმართავს

თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც დღეს გაიმართება, ღონისძიების მონაწილეებს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია სიტყვით მიმართავს. მოგვიანებით, სოფია მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სოფია გაერო-ს განვითარების პროგრამის​ (UNDP-ის) ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად OGP-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.

UNDP საქართველო-ს ინფორმაციით, სოფია ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმობს.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ნილს სკოტის განცხადებით, სოფიასთან საუბარი მომავალთან საუბარს გვაგონებს.

„დარწმუნებული ვარ, სოფია სამყაროს ახლებურად დაგვანახებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგვეხმარება“, – ამბობს ნილს სკოტი.

სოფია აგრეთვე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდება.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

რობოტი სოფია კომპანია Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. 2017 წელს რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს იმართება. ღონისძიებას, რომელშიც 76 სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე გახსნის. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნება. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბა.

საპრეზიდენტო მაღალი დონის პანელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. სამიტის მონაწილეებს, ასევე, მიმართავენ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.