თბილისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

როგორც დეკანოზმა დავითმა (ისაკაძე) განაცხადა, მათთვის მიწების გასხვისება მიუღებელია.

„ჩვენ გამოვხატავთ გულისტიკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ქართული მიწის გასხვისება. ჩვენი თვალსაზრისით, ქართული მიწის გასხვისება არც ქართულ კომპანიაზე და მით უმეტეს, უცხოურ კომპანიაზე, არ შეიძლება, დაუშვებელია. ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ეს არის მიზეზი ჩვენი აქ მოსვლის და აქციის ორგანიზატორების თანადგომის გამოხატვის. ასი წლით უცხოურ კომპანიაზე ქართული მიწის გასხვისება ნიშნავს იმას, რომ ეს მიწა უკვე მათ საკუთრებაშია. მით უმეტეს, რომ საუბარია არა ათას კვადრატულზე, არამედ საუბარია 600 ჰექტარზე მეტი მიწის გასხისებაზე“, – აცხადებს დეკანოზი დავითი (ისაკაძე).

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან და 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.