საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი არის თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დაფუძნება. ახალი აიპის შექმნის საკითხი სხდომაზე მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ წარადგინა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლილე ლიპარტელიანი დაინტერესდა, რატომ უთხრა უარი შეხვედრაზე მერიის მაღალჩინოსანმა მერიაში მისულ ფრაქციის წევრებს.
„თქვენ დაგვემალეთ, ქალბატონო სოფიო, კაბინეტში იყავით და გვითხრეს, რომ სამსახურში არ იმყოფებოდით. კონკრეტული შეკითხვები გვაქვს 36-დან რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება, რემონტის შემდეგ ისევ ბიბლიოთეკები იქნება, თუ კონკრეტული პირების კერძო ინტერესები შემოვა, უკვე შეგროვებული გვაქვს 3000 ხელმოწერა, მკითხველების უმეტესობა აცხადებს, რომ ფიზიკურად დაიცავენ ბიბლიოთეკებს“, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
ოპოზიციის პასუხად, “ქართული ოცნების” წევრი, თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ ფანდს მიმართავს და აჟიოტაჟს მიზანმიმართულად ტეხავს.
„როგორ მოხდა, რომ 74 ბიბლიოთეკა ჩაიბარეთ თავის დროზე და 2014 წელს განახევრებული რაოდენობა გადმოგვაბარეთ. უმეტეს ნაწილში სივრცეები შეკვეცილი იყო, წიგნსაცავი და სამკითხველო დარბაზი გააერთიანეთ. ინფრასტრუქტურულ ნაწილზე რომ არაფერი ვთქვათ“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.