სოფიო ხუნწარია - რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალა კონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს
სოფიო ხუნწარია - რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალა კონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია აცხადებს, რომ რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საახალწლო ღონისძიება გაერთიანდება. ამის შესახებ მან პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც დედაქალქის მერთან ერთად ნაძვის ხის აწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

„წელს ძალიან საინტერესო კონცეფცია გვაქვს – რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალა კონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ის საკმაოდ მასშტაბური იქნება. დადგმის ავტორია ნიკუშა შველიძე, ხოლო მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა, მიშა მდინარაძეს ეკუთვნის. ღონისძიებაში არაერთი მსახიობი და მუსიკოს-შემსრულებელია ჩართული. გალა კონცერტს მუსიკალურად, ასევე, 82 არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვი გააფორმებს“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება და დღეიდან ეს ტრადიციად იქცევა. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს 22 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. საახალწლო სოფელიც აქვე განთავსდება. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება და საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. მინდა, მოვუწოდო ყველას, პატარებთან ერთად მობრძანდნენ და ერთად ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.