დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და ის 22 დეკემბერს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და ის 22 დეკემბერს აინთება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და ის 22 დეკემბერს აინთება.

ნაძვის ხეს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები უკვე აწყობენ. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, წლების განმავლობაში თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის წინ იდგმებოდა, ეს ტრადიცია შეიცვალა და ყოველ წელს მას რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ.

„საკმაოდ საინტერესო იქნება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, რომელიც 22-ში გაიმართება. მინდა, მოვუწოდო ყველას – პატარებს, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, მობრძანდნენ, წამოიყვანონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები, ერთად ავანთოთ საახალწლო ნაძვის ხე 22 დეკემბერს.

ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ნაძვის ხის ანთების ძალიან მასშტაბური ღონისძიება, მე ამაზე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. სიურპრიზად დატოვება მინდოდა, იმ პროექტის განხორციელება სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, დრო ძალიან ცოტაა და ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. 22-ში რასაც გავაკეთებთ, შთამბეჭდავი იქნება. არასდროს ყოფილა ასეთი ღონისძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.