სოფიო ხუნწარია - ქალაქს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად გამართული, მულტიმედიური, მოდერნიზებული ბიბლიოთეკები
სოფიო ხუნწარია - ქალაქს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად გამართული, მულტიმედიური, მოდერნიზებული ბიბლიოთეკები

ქალაქს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად, შინაარსობრივად გამართული, მულტიმედიური, მოდერნიზებული ბიბლიოთეკები, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, რომელიც ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

მისი თქმით, მას ამ ეტაპზე უჭირს კონკრეტული ციფრის დასახელება თუ რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება, თუმცა აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკებს ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამოსაკვლევად ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

”დღეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ძალიან დეტალურად ვპასუხობდი ყველა იმ კითხვას, რომელიც დაისვა საბიბლიოთეკო რეფორმის შესახებ. მაქსიმალურად ამომწურავად გავეცი პასუხები, მზად ვარ, თუ რაიმე კითხვა იქნება არგუმენტირებულად, ძალიან დეტალურად ჩავაყენო ყველა საქმის კურსში. მე ამ თემებს გავდივარ ბიბლიოთეკარებთან, საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან, მწერლებთან ერთად.  ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვმუშაობთ აქტიურ რეჟიმში, რათა პროცესი იყოს სწორად წარმართული. ვფიქრობ, რომ ჩვენ სულ ცოტა ხანში მივიღებთ გამართულ საბიბლიოთეკო სტრუქტურას, რისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება. რადგან გარდაუვალია საბიბლიოთეკო რეფორმა. ქალაქს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად, შინაარსობრივად გამართული, მულტიმედიური, მოდერნიზებული ბიბლიოთეკები”, – განაცხადა ხუნწარიამ.