თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი
თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტები გადეცემათ, ხოლო რაიონებში ავტომობილებით იქნებიან უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მან სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე ისაუბრა და მათ შორის ინფასტრუქტურულ და ტრანსპორტირების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„ალბათ, რამდენიმე დღის საკითხია, თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მივცემთ მთელი წლის სამგზავრო აბონიმენტებს, ხოლო რაიონებს მივაშველებთ ავტომობილებს, რომ შეძლონ ტრანსპორტირება. რაიონებში სამგზავრო აბონიმენტი არ იქნება ეფექტიანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი თქმით, განხორციელდა ოფისების ინვენტარიზაცია, რომლებშიც სოციალურ მუშაკებს უწევთ მუშაობა. შედეგად, გაიწერა გეგმა, შედგა გრაფიკი და გეგმის აღსრულება დაწყებულია.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია უკუკავშირისა და კომუნიკაციის გაძლიერება. ამ მხრივ, მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია აღნიშნა.
„სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. მიდის ოთხივე მიმართულებით: შრომა, სოციალური, ჯანდაცვა, დევნილები. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, გათვალისწინებულია ისეთი ერთეულების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ უკუკავშირს, პროფესიულ მხარდაჭერასა და პროფესიულ პრევენცია-დეტექცია რეაგირების მექანიზმების ამუშავებას. რეორგანიზაცია მიმდინარეა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.