თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა [ფოტო]
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის გოგო დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მოწამლული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.
„თბილისი ენერჯიში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე იყო დამონტაჟებული. მათივე ცნობით, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.