საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ხვალ სასტუმრო Courtyard Marriott-ში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება. ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნკოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.
ბიზნესფორუმს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ულახოვიჩი გახსნიან.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნესსექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან და ბელარუსული პროდუქციის გამოფენა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.
ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დარეგისტრირდა საქართველოს ბიზნესსექტორის 190-მდე წარმომადგენელი.
გარდა გახსნის ღონისძიებისა და ორმხრივი შეხვედრებისა, ფორუმის ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ. დოლარამდეა.
საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი სასტუმრო Courtyard Marriott-ში ხვალ, 10:30-ზე გაიხსნება.