თბილისში ჯილეხით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
მათი თქმით, დაავადების წყარო დედაქალაქის ერთ-ერთ ბაზარში შეძენილი ხორცია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფაქტზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
პაატა იმნაძის განცხადებით, წელიწადში ჯილეხის 40-მდე შემთხვევა ფიქსირდება, რაც, წინა წლებთან შედარებით, 3-4-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია. მისივე განმარტებით, ჯილეხის პრევენცია საქონლის აცრაა.